ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი უპირატესი ინტერესია, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას რისკი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, უპირატესი ინტერესია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას რისკი.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ისევე როგორც, ყველა მოვლენა არის საყურადღებო და საინტერესო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ასეთი განვითარებისას პრობლემას ისიც ქმნის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად, წვდომა არ აქვთ რეგიონში.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები ისევე როგორც, ყველა მოვლენა ჩვენთვის არის საყურადღებო და საინტერესო. ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ რაიმე პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობას ვცნობთ, მაგრამ თავისთავად სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელობა აქვს ამ განვითარებებს ჩვენი უპირატესი ინტერესი გახლავთ, რომ არ შეექმნას რაიმე რისკები მოსახლეობის უსაფრთხოებას, უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაცული. ჩვენთვის ამ ჭრილში განსაკუთრებით საყურადღებოა ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს უკვე დღეზე მეტია. ასეთი მოვლენები პირველად არ ხდება. გახსოვთ, არის გარკვეული პროცესები, წინა წლებშიც ყოფილა. ზოგადად ფონი რეგიონში ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია მიმდინარე ოკუპაციით, გადაუჭრელი კონფლიქტით. აქ იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა. შ. საკითხები. ყველა ასეთი განვითარებისას პრობლემას ისიც ქმნის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად, წვდომა არ აქვთ რეგიონში და ამ ვითარებაში, იმედი უნდა გამოვთქვა, რომ ყველა განვითარება იქნება პირველ რიგში მშვიდობიანი და არ დაზარალდება არავინ, არ დაზარალდება ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები