გრიგოლ მანდარია: ვვარაუდობთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მალე შევძლებთ ბაკურიანის პრობლემური სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას
ვვარაუდობთ,რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მალე შევძლებთ ბაკურიანის პრობლემური სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა, გრიგოლ მანდარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ დღეიდან წყალმომარაგება აღნიშნულ სასტუმროებს სრულად აღუდგეს.
ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
,,ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისთვის, დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს”- განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.
გრიგოლ მანდარიას განცხადებით,ბაკურიანის 85%–ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს -„მგზავრების პანორამა“, ,,რუმსს” და ,,მგზავრები”-ს რამდენიმე კურპუსს.
რაც შეეხება გუდაურში, ,,რედკოს დასახლება”-ში წყალმომარაგების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კომპანიის დირექტორის თქმით, აქ პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.
,,მიუხედავად ამისა, დღეს მობილიზებული იქნება 25 კაციანი ჯგუფი, ვაპირებთ სარეზერვო ხაზის მშენებლობას, იმისთვის, რომ დამსვენებლების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნას და შევძლოთ მთლიანი გუდაურის უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფა“. – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.