ჯაჰიდ ტურხანი: აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს
თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა(TCDD Transport Inc.) აქტიურად მუშაობს იმისათვის,რომ ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჯაჰიდ ტურხანმა განაცხადა.
„ტვირთების გაზრდის მიზნით ბაქო -თბილისი -ყარსზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, გამარტივდა საბაჟო პროცედურები და ვიყენებთ უფრო დიდი ტევადობის ვაგონებს“, – განაცხადა ჯაჰიდ ტურხანმა.
თურქი მინისტრის შეფასებით, 2019 წლის ერთ-ერთ მთავარი მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს პირველი სატრანზიტო მატარებელი, რომელმაც ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩაიტანა.
„ჩინეთი-მარმარის“ და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო ხაზების მიერთებამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტთან თურქეთი მთავარ სატრანზიტო დერეფნად აქცია“, – განაცხადა ჯაჰიდ ტურხანმა.
თურქი მინისტრის ინფორმაციით, თავდაპირველად სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო ყაზახეთი( კოკშეტაუ) – თურქეთის (მერსინი) მიმართულებაზე, რომელსაც შემდგომში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთი-თურქმენეთი-უზბეკეთი-ტაჯიკეთი-ყირგიზეთი- ყაზახეთი- ჩინეთის მიმართულებებიც დაემატა.
ჯაჰიდ ტურხანის ინფორმაციით ამჟამად ბაქო-თბილისი-ყარსს კვირაში სამი მატარებელი ემსახურება და 2017 წლიდან მოყოლებული უკვე მოხერხდა 7 233 კონტეინერის და 318 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, ტვირთნაკადის მოცულობა ბაქო-თბილისი ყარსზე სამჯერ გაიზარდა.