გუდაურში, “რედკოს დასახლება’’-ს წყალმომარაგება აღუდგა
“რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა. დასახლების წყალმომარაგების შეფერხება გუშინ, 200-მილიმეტრიანი მილის დაზიანებამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის სისტემის დაზიანების აღმოსაფხვრელად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. სათავო ნაგებობის წყლის მარაგის შესავსებად დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების განხორციელებას ართულებდა ღამის საათებში გაუარესებული კლიმატური პირობები. დღის განმავლობაში „რედკოს დასახლების“ 5 კორპუსის ავზების წყლით შევსება კომპანიის სპეციალური, დიდ ტონიანი წყალმზიდებითა და სახანძრო მანქანების საშუალებით ხდებოდა. დანარჩენი 3 კორპუსის მომარაგება წყლით ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ეს კორპუსები არ არიან უზრუნველყოფილნი წყლის ავზებით.
რაც შეეხება ბაკურიანს, წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია, როგორც სახანძრო, ისე კომპანიის ცისტერნები. ტექნიკის ნაწილით წყლით მუდმივად მარაგდება ის სასტუმროები, რომლებსაც გააჩნიათ ავზები, ნაწილით კი ხდება სათავე რეზერვუარის შევსება.
ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა სასტუმროებს ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს აქვთ,”- აცხადებენ გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში.