მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” (“საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია”) პრეზენტაციას დაესწრო და საზოგადოებას ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“მსურს მთელ საზოგადოებას მოვულოცო დღევანდელი დღე. ჭეშმარიტად ისტორიული დღეა, რადგანაც უნიკალური სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაცია გვაქვს. ეს წიგნი, თავის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ქართული კულტურა ჩვენი მთავარი განძია. სწორედ იგი გვიმაგრებს ზურგს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებად. როგორც ჩვენი კულტურის ისტორია ცხადყოფს და ეს კარგად არის ნაჩვენები ამ სამტომეულში, ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამტომეული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებს ბინას, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების ბიბლიოთეკებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები საქართველოს თავისი უმდიდრესი კულტურით ხელახლა აღმოაჩენენ”,- განაცხადა ჩხენკელმა.

ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას აუდიო-ვიდეო მატარებელი ერთვის („Flash-drive”), სადაც 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშია შესული.

წიგნის გამოცემის იდეა 2010 წელს გაჩნდა და იგი ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ასევე, გამომცემელს ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის. რამდენიმე წლის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით გამოცემაზე ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდმა ჯგუფმა იმუშავა, რაც საძიებო (ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალა) სამუშაოების შესრულებას, ორიგინალური მასალებისა და ნაშრომების შექმნას, მათ რედაქტირებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები