,,ჩემო საქართველოვ!… „შეწყალების” დღეს ცხინვალში გარდაიცვალა ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უცნობი კოლეგა – დამსახურებული ექიმი“…

პოეტი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი მზია ხეთაგური ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების  ფაქტს ფეისბუქით ეხმიანება.
„ჩემო საქართველოვ! ალბათ გახსოვს, რომ ორიოდე დღის წინ ჯერ ლექსი, მერე კი ტკივილით სავსე განცხადება გავავრცელე ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით… ჰოდა, ახალი ამბავიც მოფრინდა, – გაათავისუფლესო! თან ძალიან ბედნიერი ვარ, თან გულნატკენიც, რადგან მას შესაწყალებელი არაფერი სჭირდა, ვინაიდან არაფერი დაუშავებია. მაგრამ გულით ვულოცავ მას, რომ ახლობელთა გარემოცვაში შეხვდება ახალ წელს!
აქვე მინდა გაუწყოთ, რომ ,,შეწყალების” დღეს ცხინვალში გარდაიცვალა ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უცნობი კოლეგა – დამსახურებული ექიმი მარინა პარასტაევა, რომლის ბედი გაცილებით ტრაგიკულია, ვიდრე ნებისმიერი დევნილი ქართველისა. მისი მშობლებიც საუკეთესო ექიმები იყვნენ, ცხოვრობდნენ თბილისში დროდადრო ჩამოდიოდნენ უახლოესი ნათესავების ოჯახში.
90-ინ წლებში მარინა ვენდისპანსერში მუშაობდა და საუკეთესო ექიმად ითვლებოდა. იგი ყველას უყვარდა კეთილშობილებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და საქართველოს მიმართ გულწრფელი სიყვარულისთვის… მაგრამ მას გული ტკივილით შეუნგრიეს ზოგიერთმა ვაიპატრიოტებმა – შენ ოსი ხარ და საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეო.
მარინა დეპრესიაში ჩავარდა, მიატოვა სამსახური და ერთადერთი 12 წლის შვილით დატოვა საქართველო, გაყიდა სახლი და გაემგზავრა ამერიკაში. პროფესიონალმა ექიმმა სამსახურიც იშოვა, მაგრამ ბედმა კვლავ დაუგო მახე – მისი ერთადერთი ვაჟი, რომელიც წარჩინებული სტუდენტი იყო, ავტოავარიამ იმსხვერპლა. მარინამ დიდი წვალების შემდეგ შვილი ცხინვალში ჩამოასვენა და ბებიის გვერდით დაკრძალა. მას უკვე აღარაფერი გააჩნდა და აღმოჩნდა მოხუცთა თავშესაფარში, თუმცა საამისოდ საკმაოდ ახალგაზრდა იყო. შვილის საფლავზე ათენ-აღამებდა.
ცნობისთვის: იგი ჩემი მამიდაშვილი იყო. ორიოდე წლის წინ მე და ჩემმა დამ შევუთვალეთ, რომ გადმოსულიყო ჩვენთან თბილისში. აი მისი პასუხი: ,,მე დედ-მამიანად ოსი ვარ. თქვენ კი – ნახევრად ქართველები. ძველებურად მიყვარხართ, მაგრამ ჩემი ადგილი აქ არის, ჩემი შვილის გვერდით. აღარ შემეხმიანოთ, რადგან თქვენ ჩემ გამო, შესაძლებელია, უსიამოვნება შეგხვდეთ. ეს განსაკუთრებით ეხება მზიას – მან ხომ ძალიან გაანაწყენა ოსები თავისი პოზიციით – მე მის პოზიციას მხარს ვუჭერდი, მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაფერი ერთფეროვანია. თავადაც არ ვიცი, ვინ ვარ – არც თბილისში ცხოვრების უფლება მქონია წარსულში, აღარც ცხინვალი მიმაჩნია სამშობლოდ. ჩემი სამშობლო მხოლოდ და მხოლოდ მიწის ის პატარა ნაგლეჯია, რომლის ქვეშაც ჩემი შვილი წევს“!
ჩემო მეგობრებო! მე მომიკვდა მამიდაშვილი, ასაკით ჩემზე გაცილებით უმცროსი, თანაც, ასე დატანჯული. სულ ახლახან ვწერდი ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რომ ე. წ. საზღვართან მინდა ახალი წლის ღამეს შევხვდე-მეთქი წარწერით: ,,მე მხოლოდ აქ მეახალწლება!”
მთელი გულით გილოცავთ ახალ წელს, მე კი ჩემი წამებული მარინას გამო (და არა მხოლოდ ამიტომ) აღარც ,,საზღვარგაღმა” და აღარც ,,საზღვარგამოღმა!” არ მეახალწლება!“- წერს მზია ხეთაგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები