ვახტანგ შაქარიშვილი: ერთი წლის წინ ჩემი განცხადების პათოსი გაცილებით უფრო ოპტიმიზმით იყო გაჯერებული
ერთი წლის წინ ჩემი განცხადების პათოსი გაცილებით უფრო ოპტიმიზმით იყო გაჯერებული, ვიდრე ეს არის დღეს, სამწუხაროდ დღეს რადიკალურად განსხვავებული კონტექსტია, როგორც ზოგადად ქვეყანაში, ისე ქალაქში, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, თბილისის ბევრ მოქალაქესთან ერთად, იმედგაცრუებულია დედაქალაქის მთავრობის მუშაობით.
„ერთი წლის წინ, ამ დროს ჩემი განცხადების პათოსი გაცილებით უფრო ოპტიმიზმით იყო გაჯერებული, ვიდრე ეს არის დღეს. სამწუხაროდ დღეს რადიკალურად განსხვავებული კონტექსტია, როგორც ზოგადად ქვეყანაში, ასევე ქალაქში. მე, სხვა უამრავ ჩვენ მოქალაქესთან ერთად, იმედგაცრუებული ვარ ამ რეალობით, რადგან მათ მსგავსად მეც აბსოლუტურად სხვა მოლოდინები მქონდა. მართალია თქვენ ხშირად ცდილობთ აირიდოთ პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რისი მაგალითიც არის თქვენი განცხადება სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შემდეგ, რომ იქ არიან ოდიოზური ადამიანები. აქ მთავარი ის არის, რომ ეს შეფასება გააკეთეთ პოსტ-ფაქტუმ, მეორე დღეს, როდესაც უკვე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა, რომლის ლიდერიც ხართ თქვენ, ეს ოდიოზური დამნაშავე ადამიანები უვადოდ დაგვინიშნა. იგივეა თქვენი პოზიცია საუკუნის ტყუილთან დაკავშირებით, რაც ასევე თქვენი ლიდერობის პირობებში გაითამაშა „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, თქვენი მცდელობა უშედეგოა და ფარისევლურია აირიდოთ პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური გუნდის მოქმედებებზე, რომლის გენერალური მდივანიც ხართ”- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
გარდა ამისა, საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა თბილისის მერს კითხვები დაუსვა გარე-რეკლამის, მიწების მონაცვლეობის საკითხებზე.
„გარერეკლამის მონოპოლია რატომ ჩაუგდეთ ხელში ნაცმოძრაობის მოლარეებს? რატომ გადაეცით 20 წლით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ექსკლუზივი ამ კომპანიას? მაინტერესებს თქვენი პოზიცია ბექა ოდიშარიას მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებითაც, სადაც 180 ათას ლარად ნაყიდი მიწა 7 მილიონის მიწაში მოუნაცველთ რომლის ღირებულება პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდია? რა პასუხი გაქვთ კუს ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე, რომელიც სააკაშვილმა მესაკუთრეს 1 ლარად გადასცა, თქვენი გადაწყვეტილებით კი, 6 მილიონი ლარის 120 ათასი კვადრატული მიწა გადაიხადა თბილისმა? რა პასუხი გაქვთ რაგბის კავშირის მიწაზე კომპანია „ანაგის“ მშენებლობასთან დაკავშირებით? რითი ამართლებთ ვერეს ხეობაში, სტიქიის ზონაში, სადაც 4 წლის წინ 21 ადამიანი დაიღუპა, 2 მასშტაბური მშენებლობის ნებართვის გაცემას?,”- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, ის დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებს, ქალაქს ემსახუროს და ყველა სასიკეთო გადაწყვეტილებაში მხარს დაუჭერს.