ბესელია კილაძის განცხადებებზე: ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს
ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს, – ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები ადრეც გაჟღერდა და ახლა ეს დავალება სოფიო კილაძემ მიიღო.
“რადგან გაგიჩნდათ კითხვა, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მოვიდე და გიპასუხოთ, მაგრამ არ ვპასუხობ იმ ადამიანს, რომელიც ბევრად უარესია და ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ამ ფონზე, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები, (გია აბაშიძე- ექსპერტი)კილაძეები, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამ გაუქმებული ყალბი გვერდების შემდეგ შეექმნა “ქართულ ოცნებას.” დიდ სირცხვილად მიმაჩნია, რომ ეს დავალება მისცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ კომიტეტმა უდიდესი საქმე გააკეთა პირველი ოთხი წელი და კილაძეს დახვდა ყველა დონორის და საერთაშორისო პარტნიორის მიერ აღიარებული საუკეთესო კომიტეტი და მან თავის თავმჯდომარეობა იცით რითი დაიწყო? ამ განსაკუთრებულმა მეოცნებე პოლიციელმა, რომელიც მენტალურად ვერ გათავისუფლდა პოლიციური გავლენისგან, პირველი დაიწყო ოცნების პირველი თანამებრძოლების, რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით კომიტეტის აპარატიდან. 4 ადამიანს დაუძახა და უთხრა, რომ დაეწერათ განცხადებები და გაყარა იქიდან. ერთი სასამართლო დავა, მისი და ფოლადიშვილის, სადაც მას ედავებიან დისკრიმინაციაში, დღესაც არ დასრულებულა. აი, ამით დაიწყო კილაძემ და თუ რაიმეს გამო მქონდა პროტესტი მის მიმართ, მქონდა ამის გამო. ხელისუფლებაში არიან კორუფციაში ჩაფლულები და ამაზე მე თვითონ ვსაუბრობდი იმ სხდომაზე. ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე მარტო, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ“, – აცხადებს ბესელია.
ეკა ბესელიას თქმით, მის წინააღმდეგ „დაწყებული მორალური შეტევის ფაქტიდან“ , ერთი წელი ხდება 27 იანვარს და დღემდე არაა გამოძიებული. მისი თქმით, ერთი წელი რომ შესრულდება, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული პირველწყარო პირდაპირ დაადანაშაულებს მმართველ პარტიას.
“როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, მე კილაძესაც და სხვებსაც მინდა მოვუწოდო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფორმალურად მაინც დაკავდეს და ერთ- ერთი საქმე, რომლის გამოძიების თემაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის, არის ჩემს წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის ფაქტი, კითხვები დასვას, ერთი წელი ხდება 27 იანვარს და დღემდე არაა გამოძიებული და თავი დაანებონ ჩემს წინააღმდეგ შეტევებს. ერთი წელი რომ შესრულდება, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული პირველწყარო პირდაპირ დავადანაშაულებ მმართველ პარტიას და კონკრეტულ პირებს ყველაზე ამორალურ მორალურ შეტევაში, რაც განახორციელეს. ამიტომ ამ საქმეებს მიხედონ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ , უკანონო ტენდერებს მიხედონ და თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაშია ჩაფლული ყველა, ამას მიხედონ და ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დეპუტატ ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბრობს.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უკვირს, რატომ არ გადადგა გენერალურმა პროკურატურამ აქამდე შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით.