“იწვის ტყეები, ეკალბარდები, ბალახი და  ფოთლები” – ასობით მეხანძრე-მაშველი ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ორმოცასთან, ატენის ხეობაში ხანძრის 5 კერიდან 4 ლიკვიდირებულია 1 კი ლოკალიზებული.
რთული რელიეფი მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ქრობის პროცესში ხელს უშლიდა, ამიტომ საჭირო გახდა საქმეში ვერტმფრენი ჩართულიყო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 200-მდე მეხანძრე მაშველი, 2 ვერტმფრენი მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ლევან ღირსიაშვილის თქმით, ადგილზე ამ დროისთვის 60-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.
„ვითარება უცვლელია, ლიკვიდირებულია 4 და ლოკალიზებულია ხანძრის ერთი კერა. ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ჩართულია, ასევე ავიაცია და ხორციელდება წლის დასხმა წერტილოვნად.
რკონის ხეობაში გვაქვს დაკვამლიანება 5 ჰექტრამდე, ადგილზე 100 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“,- განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

ატენის ხეობის გარდა ასობით მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე,  24 საათიან რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას ებრძვის ცეცხლს. არსებული ინფორმაციით, იწვის ტყეები, ეკალბარდები, ბალახი და  ფოთლები.

დაკვამლიანება და  ცეცხლის კერები იყო მარნეულის სოფელ ახკერპის და  ირგანჩაის, თიანეთში ჩაბანოს,დუშეთში ახალი ტონჩას, ვანში ძულუხის, ქვემო ქართლში უკანგორის,მარტვილში ბალდის და  სალხინოს, ცაგერში საირმეში,ლანჩხუთში  მამათის და წალენჯიხაში სოფელ  მუჟავას მიმდებარედ მდებარე ტყეებში.ასევე ტყის საფარი იწვოდა მესტიაში სოფელ ხევრალში და ცხუმარში,ონში სოფელ ირის და ხიდეშლელის ტყეებში,ამბროლაურში აბარის,ხულოში დიდი რიყეთის და  კახეთში სოფელ ართანას და  ფშაველის მიმდებარედ,  აქ დაკვამლიანება ალპურ ზონებში იყო.

საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლის კერები სრულად კონტროლდება და დასახლებულ პუნქტებს რაიმე სახის საშიშროება არ ემუქრებათ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები