„Boeing MH-17“-ის ტრაგედიის საქმეზე მოსკოვი ახალ ფანდს ამზადებს?
რუსეთი აცხადებს მზადყოფნას წარადგინოს ის მონაცემები, რომლებიც გააჩნია უკრაინაში მომხდარ, მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის საქმეზე. ეს განცხადება ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლი მზადაა გადასცეს ნიდერლანდებს რუსეთის მონაცემები „Boeing MH-17“-ის კატასტროფის დღეს, საჰაერო სივრცის არ დაკეტვის შესახებ. მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში, 2014 წლის 17 ივლისს რაკეტა “ბუკით“ ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 80 ბავშვი იყო. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. დაღუპულების უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.
ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუსეთს კვლავ დაჟინებით მოსთხოვეს ამ საქმის გამოძიებაში თანამშრომლობის შესახებ. 2014 წლის ტრაგედიის შემდეგ, შეიქმნა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომლის მიზანი მომხდარის რეალური მიზეზის გარკვევაა. 2019 წლის ივნისში, გამომძიებლებმა 4 ეჭვმიტანილი პირი დაასახელეს, რომელიც ავიალაინერის ჩამოგდებასთან არის დაკავშირებული. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ნიდერლანდებში 2020 წლის 9 მარტს უნდა დაიწყოს.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა (JIT) მკაფიოდ განსაზღვრა, რომ МН-17 ჩამოგდებულია უკრაინელი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსული “ბუკით”, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადის კუთვნილება იყო. „ბოინგის“ ჩამოგდებასთან კავშირში მყოფი პირებიც დადგენილნი არიან. ესენია ე.წ „დნრ“-ის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ გირკინი, გენერალ-მაიორი სერგეი დუბინსკი, პოლკოვნიკი ოლეგ პულატოვი და ლეონიდ ხარჩენკო. ყველა მათგანის კავშირი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან და სპეცსამსახურებთან დადასტურებულია. JIT-ს ასევე მოპოვებული აქვს, სეპარატისტების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც ფონეტიკური ექსპერტიზით არის დამუშავებული, მონაცემები სოციალური ქსელებიდან, რაკეტის კორპუსის ფრაგმენტი და ასევე ჩამოგდებული თვითმფრინავის დეტალები.
როგორც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, ნიდერლანდების ხელისუფლება თუ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი წლების განმავლობაში სთხოვდა რუსეთს ამ ტრაგედიის საქმეში სიცხადე შეეტანა და წარმოედგინა ინფორმაცია თუ როგორ მოხვდა რუსული „ბუკი“ სეპარატისტები ხელში, თუმცა ამ დრომდე კრემლი ყველა ბრალდებას უარყოფდა. პირიქითაც, 5 წლის განმავლობაში ამოქმედებული იყო მძლავრი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სახელმწიფოებრივ დონეზე იმართებოდა. ცოტა ხნის წინ კი რუსეთის ხელისუფლებამ, „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურანტს, „ბოევიკ“ ვლადიმერ ცემახს, რუსეთის ტერიტორიის დატოვების უფლება განზრახ მისცა, ის მოსკოვიდან გაუჩინარდა. ცემახი ქალაქ სნეჟნოეში, ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური იყო. მას საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფისთვის ჩვენება უნდა მიეცა.
საკუთარი „საიდუმლო გრიფის“ მქონე გამოძიების გათვალისწინებითაც, კრემლში კარგად იციან, თუ ვინ და როგორ ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი. უფრო მეტიც, კრემლში ხვდებიან თუ რა დასკვნას გამოიტანს დამოუკიდებელი სასამართლო არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ახლა, სასამართლომდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს თანამშრომლობა, მაგრამ რა ფანდი იმალება ამის უკან?
მოსკოვში დაინახეს, რომ წლობით წარმოებული პროპაგანდა, სიმართლის მიჩქმალვის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. პირველი სასამართლო სხდომა 2020 წლის 9 მარტს გაიმართება და ეს რუსეთისთვის განსაკუთრებით არასასიამოვნო დროის პერიოდია. 2020 წლის ზაფხულში უნდა გადაწყდეს გაგრძელდება თუ არა რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ 2014 წელს შემოღებული ეკონომიკური სანქციები. საერთაშორისო თანამეგობრობაში თვლიან, რომ „Boeing MH-17“-ის საქმე არის მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კრემლს ადამიანის სიცოცხლის უფლების და საერთაშორისო წესრიგის მიმართ, რაზეც რუსეთი პასუხს აუცილებლად აგებს.
10 ქვეყნის დაღუპულ მოქალაქეთა ოჯახებმა კი ჯერ კიდევ 2017 წელს, ჰააგაში, რუსეთის საელჩოს წინ განათავსეს მემორიალური სკამი წარწერით-„ველით პასუხისმგებლობის დადგომას და სრულ სიცხადეს-ადამიანობა პოლიტიკაზე მაღლაა“…
ლელა სოფრომაძე