იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ექვს ვაკანტურ ადგილზე საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენაზე.

მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში არსებულ 20 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში 14 მოსამართლე დაამტკიცეს, უმაღლეს ისტანციაში ექვსი ვაკანტური ადგილი დარჩა. საბჭო დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან ექვს შეარჩევს. დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ კანდიდატთა ვინაობა გაირკვევა, რომელთაც საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

კანდიდატებს გასაუბრება საბჭოში უკვე გავლილი აქვთ, შესაბამისად აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ვაკანსიების შევსება კვლავ ვერ მოხდება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კიდევ რამდენიმე ტექნიკურ საკითხსაც გადაწყვეტს. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მიღების შესახებ. ასევე დღეს გადაწყდება თარიღი, როდიდან დაიწყება იმ მოსამართლეთა განაცხადების მიღება, ვისაც კონკურს გარეშე საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე გადასვლა სურს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები