კარლ ჰარცელი: დიალოგი დაიწყო და ეს არის პლატფორმა შესაძლებლობებისთვის

“დაიწყო და ეს არის პლატფორმა შესაძლებლობებისთვის, ეს არ არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წინსვლისთვის საუკეთესო საშუალებად რჩება, თუ იქნება შეთანხმება დიალოგის ფორმატში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ დიალოგის პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„დავასრულეთ დიალოგის მეოთხე რაუნდი. ამ შეხვედრიდან გამოვედით ისე, რომ ყველა მხარე თანხმდება. პროცესი გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დიალოგის წინა რაუნდების დროს, განსხვავებული შეთავაზებები მოვისმინეთ. გვქონდა სასარგებლო დისკუსია. დღეს მოვისმინეთ არგუმენტები სხვადასხვა წინადადებასთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება.
მივესალმე, რომ დღეს გვქონდა შეთავაზება მმართველი პარტიისგან, აზრთა გაცვლა მოხდა ამის საფუძველზე. შეთანხმება არის, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, რაზეც იყო ეს დისკუსიები ფოკუსირებული, იქნება განგრძობადი გააზრება და განხილვა ამ დიალოგის ფორმატში, რათა ვნახოთ საით შეიძლება წავიყვანოთ დისკუსიები შემდეგ. ასევე გვქონდა აზრთა გაცვლა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რეკომენდაციები რომლებიც ძალაშია და მნიშვნელოვანია. ეს პროცესი გაგრძელდება მომავალი წლის დასაწყისშიც.
ჩვენ ვუახლოვდებით წლის ბოლოს და მინდა, ვთქვა, რომ დიალოგი დაიწყო და ეს არის პლატფორმა შესაძლებლობებისთვის, ეს არ არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წინსვლისთვის საუკეთესო საშუალებად რჩება, თუ იქნება შეთანხმება დიალოგის ფორმატში. ეს იქნება საუკეთესო შედეგი, რათა საქართველო სწორ ტრაექტორიაზე დადგეს მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის მოსამზადებლად. ამ მიზეზით, შედეგების გააზრების შემდეგ, რასაც ყველა გავაკეთებთ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ, ვიმუშავებთ პროგრესის მისაღწევად ამ ფორმატში. ჩემი ვალდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი და მტკიცე რჩება.
ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე წინსვლის საუკეთესო გზა არის კომპრომისის ძებნა და ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული დიალოგი. მე ამას ვიმედოვნებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

​შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები