ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს
წინა საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს ბორჯომსა და ბაკურიანში. აღნიშნულ პროცესს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანი.
ამჟამად, როგორც ქალაქ ბორჯომში, ასევე დაბა ბაკურიანში ნაძვის ხეები ეწყობა. უახლოეს დღეებში ქუჩებს ახალი ილუმინაციები და ფერადი ფიგურებიც დაემატება.
წელს საახალწლო განწყობის ასამაღლებლად ბორჯომში 29-30-31 დეკემბერს დაგეგმილია საახალწლო გამოფენების მოწყობა. 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო შოუ პროგრამა, ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს თოვლის ბაბუა.
31 დეკემბერს გალა-კონცერტები გაიმართება ბორჯომსა და ბაკურიანში. ახალი წლის ღამეს იმღერებენ ჯგუფები, “ფრანი” და “რეგიონი”. ასევე, დაბა ბაკურიანში გალა-კონცერტის დაწყებამდე წარმოდგენილი იქნება ცეცხლოვანი და ბარაბან შოუ. კონცერტებს გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს.