მიხეილ ყაველაშვილი: “ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, გააუპატიურეს მამაკაცები, აწამეს, მოკლეს და ზუსტად ეს შევახსენე
მათ ვუთხარი, რომ ჩვენი პატიმრებისთვის პრევენცია აუცილებელია, რომ იქაც რაიმე არ მოასხათ. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოთქმული ნახევრად ხუმრობით, თუმცა ის ფორმა, რასაც ისინი მიმართავდნენ მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების, თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანის მისამართით განაცხადა, რომლებიც ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომიდან გააძევა.
ყაველაშვილის თქმით, თუ რაიმე დანაშაული და განსახორციელებელი იყო, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, გააუპატიურეს მამაკაცები, აწამეს, მოკლეს.
“გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ ხოლმე, რა სახის ფორმა შეიძლება გამოინახოს, რომ ამ ადამიანებთან შევძლოთ კომუნიკაციის დამყარება. უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემი აღშფოთებაც ამან გამოიწვია. არაერთხელ დასვეს შეკითხვა, პასუხს არ აცდიან ადამიანს, რა გინდა ვერ საზღვრავ. ეტყობა, დაგეგმილი ჰქონდათ, როგორც ყოველთვის. დიდი ეჭვია, რომ მათი გაკეთებულია ის, როგორც მოიქცნენ გასულ კვირას სხდომათა დარბაზში, როცა გაურკვეველი ნივთიერება მოასხეს და ადამიანები მოწამლეს. ჩემი რეპლიკაც აქედან გამომდინარე იყო. მათ ვუთხარი, რომ ჩვენი პატიმრებისთვის პრევენცია აუცილებელია, რომ იქაც რაიმე არ მოასხათ. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოთქმული ნახევრად ხუმრობით, თუმცა ის ფორმა, რასაც ისინი მიმართავდნენ მიუღებელია. არაერთხელ პირდაპირ მიეჭრნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია, სვამდნენ ერთსა და იმავე კითხვას, არ აცდიდნენ პასუხს და აქედან იყო ჩემი აღშფოთებაც გამოწვეული. დაბოქლომება, მონების ძახილი, კოლეგების მუდმივი შეურაცხყოფა, ბოიკოტირება, საერთოდ არ ცნობენ არავის და არაფერს და შემდეგ იყენებენ პარლამენტარის სტატუსს და პატიმრებთან შეხვედრა უნდათ. გაუგებარ ურთიერთობას გვთავაზობენ და ალბათ, ოდესმე დაწყნარდებიან. პატიმრების მონახულების გულისტკივილთან დაკავშირებით გამახსენდა ის წლები, როდესაც მოვედით. არაერთხელ მითქვამს, რომ თუ რაიმე დანაშაული და განსახორციელებელი იყო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, გააუპატიურეს მამაკაცები, აწამეს, მოკლეს. ეს ის ორგანიზაციაა, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და ზუსტად ეს შევახსენე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მონახულება მოითხოვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ უსირცხვილოები უწოდა, თინა ბოკუჩავამ კი, საკანონმდებლო ორგანოს “მონათა ბაზარი”. რის შემდეგაც მანდატურმა თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა დაატოვებინა.