მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის განვითარების მიზნით სტუ-ისა და თიანეთის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი სტუ-ის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა მოაწერეს.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამომავლოდ, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობები თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვადასახვა სოფლებში გაიარონ.

ცნობისათვის: 2018 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთის ფაკულტეტის აუცილებლობის შესახებ ინიციატივა გაჟღერდა. ამასთან, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყო, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა მზადდება.
მემორანდუმის გათვალისწინებით, თამაზ მეჭიაურმა სტუ-ის ადმინისტრაციას წინანადება შესთავაზა, რომ თიანეთში არსებული 90-იანი წლებში აშენებული კოლეჯს ფუნქცია მიენიჭოს და სტუ- ის ფილიალად ჩამოყალიბდეს.

მისივე განმარტებით, უფუნქციიოდ დარჩენილი კოლეჯის ძველი შენობა დღემდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე ირიცხება.

თიანეთის გამგებელი მიიჩნევს, რომ თუ კოლეჯს სარემონტო- სარეკონსტრუქციო სამუშაობი ჩაუტარდება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

გარდა ამისა, თამაზ მეჭიაური ინიციატივას გამოთქვამს, რომ სტუ-ის მთის განვითარების ფაკულტეტმა რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებისთვის გარკვეული რაოდენობის ლიმიტი გამოყოს.

“სტუ-ში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ყალიბდება. ვინაიდან ფაკულტეტზე სწავლება არ უნდა იყოს მხოლოდ თეორიული, თიანეთი მუნიციპალიტეტი მთლიანად არის მთის კანონის დაფარვის ზონაში, ყველა სოფელი, ყველა დასახლებული პუნქტი. პირველი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის აბიტურიენტების მიღების წესი ფაკულტეტზე, მთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებისთვის უნდა გამოიყოს ლიმიტები, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ გარკვეული რაოდენობის სტუდენტების მომზადების. მეორე, სტუდენტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ პირველივე კურსიდანვე პრაქტიკული მეცადინეობები. სტუდენტი სწავლის პროცესთან ერთად მთაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირდეს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. მათ თავიდანვე უნდა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ. სად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ეს იქნება წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ თიანეთში მთის ფაკულტეტის მოსამზადებელი სტუ-ის ფილიალი ან კოლეჯი ჩამოყალიბდება. ჩვენ შეგვიძლია სტუ-ს შევთავაზოთ თიანეთის კოლეჯი, რომელიც არ არის დატვირთული, საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. თიანეთში არსებული კოლეჯი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე ირიცხება. ეს შენობა შესაძლებელია მთის ფაკულტეტისთვის იყოს გამოყენებული. გარდა ამისა, კოლეჯის შენობა შესაძლებელია გამოვიყენოთ სტუდენტებისთვის, სადაც ისინი პრაქტიკას აქვე გაივლიან. არის ტყე და მდინარე, ეს ყველაფერი საბოლოოდ ფაკულტეტმა, რომ რეალურად იმუშაოს, რაც შეიძლება სწარაფად ჩაერთვებიან სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქმეში. სწავლების პროცესს არ მოწყდებიან და იქვე პარალელურად ექნებათ პრაქტიკა. კანონის ყველა პუნქტი მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება” – აცხადებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური.

მემორანდუმის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ სტუ-ის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი საუბრობს.

როგორც ზურაბ გასიტაშვილმა განმარტა, ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით მაღალმთიან რეგიონებში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ადგილობრივმა ახლგაზრდებმა სწავლის გაგარძელება იქვე შესძლონ.
მისივე თქმით, მთის განვითარებისთვის უნდა იყოს სახელმწიფო გლობალური პოლიტიკა, რომელსაც სპეციალიზებული, მასტიმულირიზებული კანონმდებლობა სჭირდება.

ამასთან, გასიტაშვილის განცხადებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება თიანეთის მუნიციპალიტეტთან მემორანდუმის გაფორმებას.

“ჩვენ უნდა შევქმნათ მთასთან და უნივერსიტეტის ინტელექტუალურ მექანიზმების გამოყენებით, ისეთი ტექნოლოგიური და საკანონმდებლო გარემო, რომელიც მთას გახდის არა მხოლოდ დასახმარებელ ობიექტად, არამედ თავად გახდება ინდუსტრიული ზონა, შემოქმედებითი ენერგიის მქონე და შემოსავლიანი. ამისთვის არის ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის ქვეყნების მაღალმთიან ზონებში საკანონმდებლო გამოცდილება, ჩვენ კოლეგებს ხშირი ურთიერთობა აქვთ მათთან. ავსტრიაში არის ისეთი მთიანი ზონები, საიდანაც დედაქალაქში არც კი ჩამოდიან მაცხოვრებლები, იმდენად კარგი გარემო აქვთ და ეკონომიურად იმდენად კარგ გარემოში ფუნქციონირებს, რომ მთის დატოვება ფეხბურთის მატჩის ან სპექტაკლის საყურებლად უწევთ. ასეთ სოფლად, ასეთ რეგიონად უნდა ვაქციოთ არა მხოლოდ თიანეთი, არამედ სრულიად მთა. ეს უნდა იყოს სახელმწიფო გლობალური პოლიტიკა, რომელსაც სპეციალიზებული, მასტიმულირიზებული კანონმდებლობა სჭირდება, ფინანსები სჭირდება. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, საკანონმდებლო მექანიზმის შემოტანა, რომელიც მთის აღორძინებას შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ გარკვეული შემოსავლების წყარო რეალურია, თავისი ინიციატივით დაუბრუნდება მამაპაპურ მიწას. რაც შეეხება უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, არც თუ ისე მცირეა. ეს გახლავთ გამოცდილება აგრარულ სექტორში მთის ზონის მიმართულებით, ასევე ტექნოლოგიური ცოდნა დარგობრივი ტექნოლოგიების ხაზით, მანქანაათმშენებლობის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, ჩვენ ბრწყინვალე სასწავლო გარემო გვაქვს, გვაქვს კონტაქტები სკოლებთან, მასწავლებლებს შეუძლიათ ბავშვები ჩართონ დისტანციურად სასწავლო გარემოში, შეგვიძლია სკოლები უზრუნველყოთ ტექნოლოგიებით. ასე რომ, თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება შესაბამისი, თუ კანონი და გარემო ხელს გიწყობს ადამიანი ხდება შემოქმედებითი. ალბათ, ყველაზე მთავარია შევქმნათ ეს გარემო” – აცხადებს სტუ-ის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი.

ცნობისათვის, ამჟამად თიანეთის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში 1100 მოსწავლე სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები