დიმიტრი ხუნდაძე ერეკლე კუხიანიძის განცხადებაზე: მსგავსი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია
მსგავსი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე “ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ხუნდაძის თქმით, პოლიტიკურ ჯგუფს აქვს რესურსი, რომ შესაბამის განცხადებას ადეკვატურად უპასუხოს.
“რა თქმა უნდა ეს განცხადება არის ჩემთვის მიუღებელი და მე მას ვგმობ და ვეწინააღმდეგები. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იმის რესურსი, რომ შესაბამის ქმედებებს, შესაბამის განცხადებებს უპასუხოს ადეკვატურად”,- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.