გიორგი გახარია: თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან

0

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ყოველთვის იყო ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია:
„მივესალმები პირველ რიგში ახალგაზრდებს, ეს თქვენი დღეა. ამ დღის ორგანიზება გააკეთეთ თქვენ. მივესალმები ყველა თაობის წარმომადგენელს. ძალიან კარგად მახსოვს, 1991 წლის 9 აპრილიდან, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა, ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო. აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია. ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაწილი. მაშინ, როდესაც IV საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი