“ვაჟა გაფრინდაშვილი თანამედროვე საქართველოს სრულიად გამორჩეული მოქალაქე” – ზაზა გაბუნია სოცქსელში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“კვირა” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც თანამედროვე საქართველოს სრულიად გამორჩეული მოქალაქე, უპირობოდ, ნამდვილი გმირი, ყოველთვის, ყოველთვის იქნება მაგალითი ყველასთვის, ვინც დღეს, ხვალ და ასი წლის შემდეგ იცხოვრებს მის ქვეყანაში და ვისაც დასჭირდება საქართველოს სიყვარულის და ერთგულების მაგალითი.
ორიოდ კვირის წინ, სოფიაში, მე მასზე სიამაყით ვლაპარაკობდი თავჩაქინდრული რუსი დეპუტატების წინაშე და ამაყად ვლაპარაკობდი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების დელეგატების წინაშე, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი, საკუთარი მშვიდობიანი და ეფექტური პროტესტის ფორმით და ამ გზით მთელ დანარჩენ სამყაროს აჩვენებს რა ვითარებაში უწევს თანამედროვე საქართველოს ცხოვრება რუსეთის ყოველდღიური აგრესიის პირობებში. მას შემდეგ, რაც მისი საქციელის შესახებ ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს მოვუთხრე, ისინი ფეხზე წამომდგარი, ტაშს უკრავდნენ გმირობის მისეულ მაგალითს. ტაშს უკრავდნენ არა ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვას, არამედ ვაჟა გაფრინდაშვილს!!!
ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი სულისკვეთებით მცხოვრები ადამიანების არსებობა არის ყველაზე ძლიერი დარტყმა საუკოპაციო და სეპარატისტული რეჟიმის პოლიტიკისადმი, მათი დანაშაულებრივი გეგმებისადმი, მათი მოჩვენებითი უზრუნველობისადმი, თავხედური ქმედებებისადმი, რადგან ეს აჩვენებს რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ქართული მიწები და ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს. იქამდე და იმის მერეც, ყოველთვის იქნებიან “ვაჟაგაფრინდაშვილები”. იქამდე და იმის მერეც, დაუშურველად, დაუნანებლად, დაუფიქრებლად იტყვიან თავის სიტყვას.
ვაჟა გაფრინდაშვილმა მშვიდობიანი ფორმით ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს მიწებზე გაბატონებულ  მტერს და ამ დარტყმამ გულისგულამდე და ძვალ-რბილამდე ჩააღწია, როგორც გულშემატკივრის, ისე მტრის შეგრძნებამდე, ოღონდ თავად ეს შეგრძნებებია განსხვავებული, ჩვენ გვტკივა და თან ვამაყობთ, ისინი კი შეარცხვინა და მათი სახე სრული და სრულფასოვანი შელანძღული სურათის სახით წარმოაჩინა – მათი ტალახიანი ჩექმები, რომლითაც გიორგი ანწუხელიძის სხეულს შედგნენ, მათი ბინძური ხელები, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და სხვა ასობით გმირი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათი სისხლიანი ცხვირ-პირი წარმოაჩინა და კიდევ ერთხელ აჩვენა დანარჩენ მსოფლიოს, თუ რა ძალასთან უწევს თანამედროვე საქართველოს გამკლავება. და რაც უფრო დიდხანს გააჩერებენ მას ოკუპანტები ციხეში, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მათი საზარელი და დანაშაულებრივი სახე.
#ვაჟაგაფრინდაშვილიგმირია
#ვაჟაშენსგვერდითვართ
#თავისუფლებავაჟაექიმს”,-წერს ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები