გუდაური -კობის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვა მოხსნილია
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხე მოხსნილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული მონაკვეთი გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება. მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი დღის მანძილზე აკრძალული იყო. რაც შეეხება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთს, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.