მიხეილ დაუშვილი: მიდის კონსტრუქციული მსჯელობა, რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება
მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ახალ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობის პროცესში აქტიურად არის ჩართული.
“მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების თემაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად მუშაობს. გვაქვს ძალიან კონსტრუქციული სამუშაო ფორმატი როგორც ბიზნესთან , ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ ეტაპზე მიდის დისკუსია, თუ რა მოდელით შეიძლება იქნეს ამოქმედებული რეგულაცია ისე, რომ ეს არ იქცეს ბიზნესისთვის დამატებით წნეხად და ამასთან დავაკმაყოფილოთ ის ვალდებულებები, რაც ნარჩენების მართვის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ნაკისრი,” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სპეციფიკური ნარჩენებისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს ნერგავს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.