კახა კალაძე: დღეს ნამდვილად არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს
დღეს ნამდვილად არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, 2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუნდმა უკვე მიიღო.
“არის ადამიანები ვინც მომხრეა მხოლოდ მაჟორიტარულის და არის ადამიანთა დიდი ჯგუფი ვინც მომხრეა, რომ ის ცვლილებები, რომელიც იქნა განხორციელებული კონსტიტუციაში შენარჩუნებული იყოს, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული, არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 წელი ეს იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო, კონსტიტუციაში ცვლილებები იქნა განხორციელებული და ახლა კიდევ რაღაც სიახლის შემოტანა, თან დღეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს”,- განაცხადა კალაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.