“საზოგადოების გაერთიანება, გვერდში დგომა და თანამშრომლობა არის ის გზავნილები, რომლებიც ამ დღეებიდან გამომდინარე ყველამ უნდა გამოიტანოს” – მახაშვილი
“ერთი მხრივ, იყო სამწუხარო, სამგლოვიარო დღეები, ამავე დროს – შესაძლებლობა მათთვის, ვინც არ იცის, რა ხდება საქართველოში, დაენახათ, სად არის საზოგადოების პოზიციები, რა არის ის მომავალი, რასაც აშენებს ქართველი ხალხი. ეს არის ფასეულობები და ღირებულებები, რომლებსაც საპატრიარქო და პატრიარქი იცავდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაერთიანება, გვერდში დგომა და თანამშრომლობა არის ის გზავნილები, რომლებიც ამ დღეებიდან გამომდინარე ყველამ უნდა გამოიტანოს.
„ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკოსისთვის, იყო გზავნილი, სად არის საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რეალური ღირებულებები, რეალური მდგომარეობა და რეალური პოზიციები, რას იცავენ, და რაც მთავარია, პოლიტიკოსებისგან რის დაცვას ითხოვს მოსახლეობა. პოლიტიკოსებს შეუძლიათ, თავიანთი საქმიანობა არჩევნებს მიღმა გაზომონ, თუმცა, ასეთი დღეები არის შესაძლებლობა, დაინახო, სად არის საზოგადოების გულის ცემა. ამ შემთხვევაში, გულის ცემა იყო იქ, სადაც მოსახლეობამ ნახა – ქართული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს იყო მოსახლეობისგან მნიშვნელოვანი გზავნილი. ბევრმა ეს გზავნილი სერიოზულად უნდა მიიღოს. საზოგადოების გაერთიანება, გვერდში დგომა და თანამშრომლობა არის ის გზავნილები, რომლებიც ამ დღეებიდან გამომდინარე ყველამ უნდა გამოიტანოს.
ერთი მხრივ, იყო სამწუხარო, სამგლოვიარო დღეები, მაგრამ თუ შეიძლება, რამე იყოს დადებითი, არის, რომ მსოფლიომ გაიცნოს საქართველო, მათ, ვინც არ იცის, საქართველოში რა ხდება, სად არის საზოგადოების პოზიციები, რას აფასებს და რას სცემს პატივს. მათთვის ეს დღეები იყო კარგი შესაძლებლობა, დაენახათ, ხაჭაპურის მიღმა, რაზე დგას ეს საზოგადოება და რა არის ის მომავალი, რასაც აშენებს ქართველი ხალხი. ეს ის ფასეულობები და ღირებულებებია, რომლებსაც საპატრიარქო და პატრიარქი იცავდნენ. ამიტომ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში ეს დღეები გზავნილია, სად დგას და რას იცავს საქართველოს მოსახლეობა“, – თქვა მახაშვილმა.