გიგი უგულავა: ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტები არ მოგვწონს, მაგრამ ოპოზიცია არა იდეოლოგიის, არამედ პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა,რომ ოპოზიცია არა იდეოლოგიის, არამედ პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა.
მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი ოპოზიციას არ მოსწონს.
“ჩვენ ეს ბუნებრივია, არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენ იქ არ გავერთიანებულვართ იდეოლოგიის გარშემო, იქ არის პროპორციული სისტემის მოთხოვნის გარშემო გაერთიანება. იმის იქით ჩვენ იქ საერთო არაფერი არ გვაქვს ბევრთან, ისევე როგორც მათ ჩვენთან. ბნელ ოთახში კატის ძებნა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია“,- აღნიშნა უგულავამ.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ერთობა აშინებს.
“ივანიშვილს აშინებს ზუსტად ეს ერთობა, რომელიც შედგა პროპორციულთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ – ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მის გარშემო გააერთიანა მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტრი, დღესაც ბატონმა ივანიშვილმა გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი, ოღონდ თავის თავის წინააღმდეგ. ეს პროცესია და ვიდრე შედეგი არ იქნება, ერთ მაგიდასთან ვისხდებით, ეს ერთობა მიაღწევს იმას, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ნორმალური არჩევნები“,- განმარტა უგულავამ.