დღეს, ზუგდიდის სასამართლოში მამაკაცის გაუპატიურებისთვის დაკავებული პოლიციელის პროცესი გაიმართება
ზუგდიდის რაიონული სასამართლო, მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დღეს იმსჯელებს.
დაზარალებულ მამაკაცს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. დაზარალებულის განმარტებით, ჩხოროწყუს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა მუქარით და ძალის გამოყენებით მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა.
მისივე თქმით, პოლიციელი დაზარალებულს პირადი ცხოვრების შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა. მომხდარი ფაქტის შესახებ დაზარალებულმა 112-ში დარეკა.
როგორც დაზარალებული იხსენებს, 112-ზე დარეკვის შემდგომ, მასთან სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს, ისე რომ არავითარი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
გამოძიება საოლქო პროკურატურამ მეორე დღეს დაიწყო. საია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.
ფაქტი რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში მოხდა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.