აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანით უკმაყოფილოა და თეირანთან შეთანხმების დადება სურს, თუმცა აღნიშნა, რომ „ზოგჯერ სამხედრო ძალის“ გამოყენებაა საჭირო.
ტრამპმა ტეხასში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ირანს კვლავ არ სურს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე, როგორც ამას შეერთებული შტატები მოითხოვს.
ძალის გამოყენების პოტენციალის შესახებ დასმულ კითხვაზე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ძალა ჰყავს.
„ძალიან მინდა, რომ ეს [სამხედრო ძალა] არ გამოვიყენო, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია“, – თქვა მან.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანთან დაკავშირებით დამატებითი დისკუსიები დღის ბოლოს გაიმართება. მან არ დააკონკრეტა ვისთან, მაგრამ აშშ-ის თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირები თეთრ სახლში მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ისინი ამ ოქროს სიტყვებს არ ამბობენ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.