დაუვიწყარი საღამო ქართველი მსმენელისთვის – იტალიელი ტენორის, ფაბიო ანდრეოტის კონცერტი გაიმართება
6 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მსმენელის წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი წარდგება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ისტორიული სცენიდან გაჟღერდება: ჯაკომო პუჩინის, ლუჩიო დალას, ჯოაკინო როსინის, ჯოვანი კაპუროს და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ცნობილი ოპერების არიები, ნეაპოლიტანური უნიკალური არიების პარალელურად. იტალიელ ტენორთან ერთად პროგრამას კამერული ორკესტრი შეასრულებს.
ფაბიო ანდრეოტი – საერთაშორისოდ ცნობილი იტალიელი ტენორი, დაიბადა რომში. მან მიუძღვნა თავი ვოკალის შესწავლას იტალიელი ოსტატების: ანტონიო ბეიერისა და ჯანი რაიმონდის ხელმძღვანელობით. მისი პროფესიონალური დებიუტი გაიმართა 2006 წელს (ჰაიდნი, “Salve Regina”) და მალევე მოიპოვა პირველი პრიზი ფრანჩესკო ალბანეს კონკურსზე ალფრედოს არიით (ვერდი, „ტრავიატა“).
21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მან მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და გლობალურ ცნობადობას – იტალიიდან სამხრეთ კორეამდე და აშშ-მდე. მან შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ოპერებში, როგორებიცაა „რიგოლეტო”, „ლა ბოჰემი”, „მადამა ბატერფლაი”, „აიდა”, „ტოსკა” და სხვა შედევრებში.