“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას აანონსებს

გვსურს, მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულზე განაცხადა.

მისი თქმით, 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

“მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე მეტყველებს განსაზღვრული 4 პრიორიტეტიდან მეოთხე პრიორიტეტი, რაც ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს. სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია.

გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი.

ბუნებრივია, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”, მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის ამ ღონისძიებაზე დასწრებას და საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას.

ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას.

იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება ამ საზეიმო ღონისძიებაზე, რადგან ჩვენი თაობის განსაკუთრებული წვლილი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ამას ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ადასტურებს,”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საზეიმო კვირეული იმართება.

ახალგაზრდული კვირეული, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ქართული ოცნება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები