ISET – „ხაჭაპურის ინდექსი“ ისევ გაიზარდა
ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით ISET-მა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის “იმერული ხაჭაპურის” მომზადების ღირებულება გამოითვალა და მისი მეშვეობით ქვეყანაში სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია გამოიკვლია.
„ხაჭაპურის ინდექსი“ ასე ჰქვია ISET-ის კვლევას,რომელიც სურსათზე ფასების ცვალებადობის ტენდენციას ადგენს. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.1 ლარი შეადგინა, რაც წინა (2019 წლის ოქტომბრის) თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია. ISET-ში „ხაჭაპურის ინდექსი“ ზრდას ლარის გაუფასურებით და არსებული ინფლაციით ხსნიან. ფასები გაიზარდა ყველა ადგილობრივად წარმოებულ (კვერცხზე და ყველზე) და იმპორტირებულ (საფუარი და კარაქი) პროდუქტებზე. ზრდა შეეხო იმ პროდუქტებსაც (ფქვილი და რძის ფხვნილი), რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული ინგრედიენტები გამოიყენება. ყველის ფასი 18.6%-ით გაიზარდა, ფქვილის – 8.0%-ით, კვერცხის – 3.4%-ით, საფუარის – 2.5%-ით, რძის – 2.7%-ით, კარაქის კი – 1.3%-ით, რამაც გამოიწვია კიდეც „ხაჭაპურის ინდექსის“ გაძვირება.