ნინო ლომჯარია: 5 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველომ გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვეციის რატიფიცირება მოახდინა, თუმცა გაცილებით ნაკლები პროგრესი გვაქვს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით 5 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველომ გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვეციის რატიფიცირება მოახდინა, თუმცა ქვეყანაში გაცილებით ნაკლები პროგრესია. მისივე თქმით, ქვეყანაში ინკლუზიური განათლება არის პრობლემატური, ხარვეზიანი და ძალიან ბევრი მიმართულებით არის გასაძლიერებელი.

“დღეს არის შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. 5 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველომ მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება, თუმცა ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი პრობლემა და გამოწვევა დღეს და გაცილებით ნაკლები პროგრესი.
სამწუხაროდ, დღემდე ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ შექმნილა და არ განსაზღვრულა ქვეყანაში ამ კონვენციის განხორციელებაზე კოორდინაციის განმახორციელებელი უწყება, რომელიც გაუწევდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციას შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, ამიტომ პროგრესი კონვენციის განხორციელების მიმართულებით არის ძალიან ნელი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარ პრობლემად მისაწვდომობის საკითხი რჩება, როდესაც შშმ პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად გადაადგილების, შენობებში შესვლის, სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის და ა.შ. ეს ყველაფერი აისახება მათი უფლებების არასათანადოდ რეალიზებაზე.
რა თქმა უნდა, ინკლუზიური განათლება არის პრობლემატური, ხარვეზიანი და ძალიან ბევრი მიმართულებით არის გასაძლიერებელი, შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი.
მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებისა, მაგალითად გასულ წელს მხოლოდ 100 შშმ პირი დასაქმდა, შესაბამისი დასაქმების პროგრამის ფარგლებში. მომავალ წელს საქართველოს ექნება წარსადგენი ანგარიში გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტისათვის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში. სახალხო დამცველს უკვე წარდგენილი აქვს ჩრდილოვანი ანგარიში ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ სანამ ეს ანგარიშია წარდგენილი სახელმწიფო მთელ რიგ სავალდებულო ღონისძიებებს რასაც კონვენცია აკისრებს განახორციელებს”, – განმარტა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები