“დღე და ღამე ვშრომობ, რომ ბავშვებს არაფერი მოაკლდეთ“- სვანმა ემიგრანტებმა ჯანხოთელების ოჯახს საჩუქრები გაუგზავნეს
ჯანხოთელების ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. ისინი 73 წლის ბებიისა და ბაბუის მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. მამა 3 წლის წინ გარდაეცვალათ, დედას კი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რის გამოც ბავშვების გაზრდა ბებია-ბაბუას უწევს.
სწორედ აღნიშნული ოჯახი შეარჩიეს ამერიკაში მცხოვრებმა სვანებმა, როდესაც გადაწყვიტეს, ზემო და ქვემო სვანეთში შეჭირვებულ ოჯახებს დახმარებოდნენ.
ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მზევინარ ლიპარტელიანს დაუკავშირდნენ და პროდუქტებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, თანხა გაუგზავნეს.
“საზღვარგარეთ მცხოვრები სვანები ხშირად ეხმარებიან ზემო სვანეთში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს. ამჯერადაც დამიკავშირდნენ, თანხა გადმომიგზავნეს, თუმცა, მთხოვეს მათი სახელების და გვარების აფიშირება არ გამეკეთებინა. მადლობა მათ ამისთვის“,-ამბობს მზევინარ ლიპარტელიანი.
ბავშვების ბებია, იზოლდა ლიპარტელიანი მიუხედავად ასაკისა, დღე და ღამე მუშაობს და ბავშვებს არაფერს აკლებს. როგორც ის “რეგიონულ კვირას” უყვება, მისი შვილი ფსიქიურად დაავადებულია და ცდილობს ბავშვებს ეს დიდი გასაჭირი შეუმსუბუქოს.
“73 წლის ქალი ვარ და დღე და ღამე ვშრომობ, რომ ამათ არაფერი მოაკლდეთ.მე დავიკლებ და ბავშვებს გასაჭირს არ შევუქმნი. დახმარება, ჩვენი პენსიები,ყველაფერი ბავშვებს ხმარდება. მძიმე ტვირთი დაგვაკისრა ცხოვრებამ ამ ასაკში მე და ჩემს მეუღლეს. ჩემი შვილი, ამათი დედა, ფსიქიურად დაავადებულია და ვცდილობთ, ეს ყველაზე დიდი გასაჭირი შევუმსუბუქოთ პატარებს. სახელწიფო თითოეულ ბავშვზე ობლობის 100 ლარს გვაძლევს, სოციალური დახმარებაც გვაქვს, ასევე, მუნიციპალიტეტიდან ხშირად გვეხმარებიან ტკბილეულით, შაქრით, სხვადასხვა საკვებით. დღეს აგერ ყველამ ერთად გაგვახარეთ, დიდი მადლობა ემიგრაციაში მყოფ იმ სვანებს, რომლებმაც ამათი გული გამიხარეს. მართალია,მათ გამოჩენა არ უნდათ, მაგრამ ჩემს მადლობას თქვენი საშუალებით ხომ გაიგებენ”,- ამბობს იზოლდა ლიპარტელიანი.
ქრისტინე ჯანხოთელი ყველაზე უფროსია ოთხი დედმამიშვილიდან, ის კარგი მოსწავლეა და ცდილობს ბებიას და ბაბუას სახლის საქმეებშიც დაეხმაროს.
“ჩვენ მამა 3 წლის წინ გარდაგვეცვალა, ბებიასა და ბაბუის მეურვეობის ქვეშ ვიმყოფებით, კარგი ოჯახი გვაქვს და ერთმანეთიც ძალიან გვიყვარს. მინდა, მადლობა ვუთხრა ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე სვანებს, რომლებმაც თავიანთი სიკეთით ჩვენი გულები გაახარეს“
მარინე სვანიძე