გია ვოლსკი: კასრების ჩანაწერები ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა და გაცილებით მკაცრები უნდა ვყოფილიყავით

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა ეჩვენებინათ და გაცილებით მკაცრები უნდა ყოფილიყვნენ.

“დღეს შევამჩნიე, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც დისკომფორტს გვიქმნიდა 2011-2012-ში და თან სერიოზული რესურსი ჰქონდათ მაშინ, ხელთ, რომ ადამიანზე მოეხდინათ ზემოქმედება. დღესაც ამ ორგანიზატორებს შორის არიან. არის თუ არა ეს შეცდომა?! მე ვფიქრობ, არა. სახელმწიფო უნდა უყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიებისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანებთან გვერდზე დგომა, რომლებიც ავტორები არიან კასრების ჩანაწერების, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ არის ძალიან უხერხული. განსაკუთრებით, ახალგაზრდებისაგან.

ის საყვედური, რომლებსაც ჩვენი მომხრეებისაგან ვიღებთ, რომ სწორედაც ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა და გაცილებით მკაცრები უნდა ვყოფილიყავით, ესეც არის საგულისხმო. თუმცა მე მაინც, იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზედაც ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა”, – განმარტა ვოლსკიმ.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც გეგმავენ.

დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას. აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები