ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციონერ დეპუტატებს ხალხი ფულს რუსთაველის გამზირზე შეშის ტარებასა და ცეცხლის დანთებაში არ უხდის
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა სახელმწიფო სისტემის და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი საქმიანობაა. “საზოგადოების დაკვეთა სახელმწიფო სისტემის და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი საქმიანობაა. მათი დაკვეთაა ასევე ის, რომ მათი ინტერესებისთვის ვიმუშაოთ. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში შემოვდივართ, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ. ოპოზიციას საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს და შეუძლია, ეს განახორციელოს, მაგრამ როგორც კი, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს გასცდება, სამართლებრივი რეაგირება მოხდება. საზოგადოება ამ ხალხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს უხდის. ფულს არ უხდიან რუსთაველის გამზირზე შეშის ტარებასა და ცეცხლის დანთებაში. იმ შეშის, ვითომ გასათბობად რომ მიჰქონდათ, რომელსაც რეალურად პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ და მათ ესვრიან. ხალხი მათ ფულს ამისთვის არ უხდის, ასეთი მეთოდები წარსულს ჩაბარდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. პოლიციამ ცივილურად, დემოკრატიულად და კულტურულად იმოქმედა და ასე გააგრძელებს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.