“ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო, როგორც სახელმწიფოსთვის ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები”
საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები არათანაბარი ფასების პირობებში ოპერირებდნენ, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის, – ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია,”იმედის“ ეთერში განაცხადა.
“საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი იყო არაერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც ასევე უარი თქვეს – მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა და უარი თქვა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება თუ ფასების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულ წილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და “დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანონსებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ჩვენ ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და ასევე ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღებდა და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რომ ქონდეს ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად ასევე გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისები“,- განმარტა ტიკარაძემ.