ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთში ნარკოდამოკიდებულთათვის მეტადონის აკრძალვა კანონიერად ცნო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის სამი მოქალაქის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს უჩიოდნენ იმის გამო, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც ისინი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდნენ, მათ “მეტადონი” და “ბუპრენორფინის” პრეპარატების გამოწერაზე უარი უთხრეს.
ამის შესახებ სასამართლოს საიტზეა ნათქვამი.
სასამართლოს არგუმენტია, რომ “მეტადონის” და “ბუპრენოფინის” გამოყენება ნარკოდამოკიდებულებისგან თერაპიას არ წარმოადგენს, არამედ არის ერთი დამოკიდებულების მეორეთი ჩანაცვლება, რადგან აღნიშნული პრეპარატების გამოყენება ჰეროინის მოქმედებას უდრის.
საიტზე ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ცალკეულ ქვეყნებში, სადაც სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ფართოდ გამოიყენება, მისი ეფექტურობა საკამათოა.
იქვე განმარტებულია, რომ პრეპარატები, რომელთა მიღებას ითხოვენ მოსარჩელეები რუსეთში სამედიცინო მიზნებისთვის აკრძალულია.
გამოცემა “მედუზას” ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსარჩელე ალექსეი კურმანაევსკიმ, 20 წლის განმავლობაში 30 ჯერ სცადა ნარკოტიკების დამოკიდებულიბისგან გათავისუფლება, თუმცა რეაბილიტაციის რიგში დგომის დროს ისევ იწყებდა. დღეს, კურმანაევსკი 38 წლის არის, ერთი წლის წინ ის ისრაელში გაემგზავრა, სადაც “მეტადონის” თერაპიას ღებულობს.
კიდევ ერთი მოსარჩელე ირინა აბდუშევამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და უკრაინაში იმ იმედით გაემგზავრა, რომ იქ მიიღებდა ჩანაცვლების თერაპიას.