ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე საზღვაო სერვისების გაციფროვნებაზე ისაუბრა

“მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სრული სერვისების გაციფროვნება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლაზეა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჩვენი დერეფნის უპირატესობაზე, კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა, რაც ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია 200-მდე ქვეყანას აერთიანებს და შესანიშნავი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი მიღწევების გასაცნობად. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში ასამბლეაზე შეკრებილი ქვეყნების წარმომადგენლებს გავაცანი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში ახალი ტექნოლოგიების ამოქმედება და გამოყენება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
​მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტიურად უბამს მხარს გლობალურ ტენდენციას, რაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მწვანე და ნეიტრალური ტექნოლოგიების დანერგვაში გამოიხატება.
ნათია თურნავა ასამბლეის ფარგლებში 10 ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, ასევე დაესწრო მემორანდუმების ხელმოწერას გერმანიასა და ბრაზილიასთან, რომლებიც ორივე ქვეყნის 4000-მდე გემზე ქართველი მეზღვაურების შესაძლო დასაქმებას და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები