“ვხედავთ სხვა სცენარისკენ წასვლის მიმართულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ რევოლუციური გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა”
სამწუხაროდ, ამ სცენარებიდან, ქუჩის მოვლენებიდან გამომდინარე, ვხედავთ სხვა სცენარისკენ წასვლის მიმართულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ რევოლუციური გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან ნიკოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რევოლუციურ სცენარს უარყოფითად უყურებს.
„რეალურად ეს მოცემულობა გვაქვს: ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი არ ფიქრობენ დათმობაზე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის შესაძლოა, იყოს რაღაც მომენტი, რამაც შეიძლება ქუჩის მოვლენები გადაიყვანოს შენობაში, ყველაფერი მოლაპარაკების თუ დიალოგის რეჟიმში გაგრძელდეს. ამის ნება ორივე მხრიდან უნდა იყოს.
ხშირად ვისმენთ განცხადებებს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. აცხადებენ, რომ დღესვე რომ ჩატარდეს არჩევნები დღესვე დაამარცხებენ ხელისუფლებას, ეს რატომღაც პოპულისტურ განცხადებას ემგვანება, თუ ასეთი ძალა შესწევთ იმ ადამიანებს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან, რა უშლით ხელს იმაში, რომ 11 თვის განმავლობაში კიდევ უფრო კარგად მოემზადონ და არჩევნების გზით დაამარცხონ ხელისუფლება. მაგრამ ჩვენ სხვა სცენარს და სურათს ვხედავთ. ყველაზე კარგი რაც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით მოხდა, ეს არის ის, რომ არჩევნების გზით მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ სცენარებიდან, ქუჩის მოვლენებიდან გამომდინარე ვხედავთ სხვა სცენარისკენ წასვლის მიმართულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ რევოლუციური გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. სამწუხაროდ, მათთვის და საბედნიეროდ ჩვენთვის, საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უარყოფითად უყურებს. უკვე მივეჩვიეთ არჩევნებით ცვლილებების განხორციელებას.
ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ „ამდენი“ ხალხი გამოვიდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივდივართ იქითკენ, რომ დავთვალოთ რაოდენობები. თუ ამის სურვილი გააჩნიათ ვიღაცებს ოპოზიციურ სპექტრში, კი, ბატონო, თუ დავთვლით რაოდენობას, ეს არ არის იმდენი ხალხი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ლევან ნიკოლეიშვილი გუშინდელი აქციის დაშლასაც გამოეხმაურა.
„რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამის სრული უფლება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას. მეორე – ისინი მოქმედებენ იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც გააჩნიათ. გუშინ აქციის დაშლის ოპერაცია კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა. მერიისა და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ მომიტინგეებთან, გააფრთხილეს რომ კანონის შესაბამისად აპირებდნენ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმდებები, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ, იმოქმედებნენ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
თამუნა შეყილაძე