სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, პაველ ვიზდალმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, – ამის შესახებ “კვირას”  საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაველ ვიზდალს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. ამ კონტექსტში, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნეს კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა. შეხვედრაზე, ხაზგასმულ იქნა მიმდინარე კვირაში დაგეგმილი „ვიშეგრადის ოთხეულის” პოლიტიკური დირექტორების ვიზიტის მნიშვნელობა.

სლოვაკეთთან, როგორც “ეუთო” -ს ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ჩათვლით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე.
ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სლოვაკეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; ამასთან, მან გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგებს საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მიერ აქტიური და ძლიერი მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები