გიორგი კახიანი: რაიმე სახის ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2020 წლისთვის დღეს უბრალოდ შეუძლებელია
„რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს დავდექით სწორედ ამას გვეუბნება, რომ რაიმე სახის ცვლილების განხორციელება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2020 წლისთვის დღეს უკვე უბრალოდ შეუძლებელია. ამის ძალიან მარტივი ახსნა შეიძლება, კერძოდ ის, რომ საარჩევნო სისტემის ნებისმიერ ცვლილებას, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, მათ შორის იმ გერმანულ მოდელსაც, რაზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა „დღის ქრონიკის” ეთერში.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში.
“ამ განვლილმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში რესურსი იმისა, რომ კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილება განხორციელდეს, მით უმეტეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ არსებობს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის შერეული საარჩევნო სისტემა, როდესაც 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, 77 პროპორციული წესით. ხშირად ამბობენ, რომ 2024 წელს გადავალთ ამსისტემაზეო. 2024 წელს არა, როდესაც საჭირო გახდება შემდეგი არჩევნების ჩატარება, ანუ 2021 წელს რომ გახდეს საჭირო პირობითად რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაშინაც ეს იქნება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები”, -განაცხადა დეპუტატმა.