როგორ გეგმავს Bloomberg News საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას – მაიკ ბლუმბერგი პრეზიდენტად იყრის კენჭს
საგამომცემლო ჰოლდინგ Bloomberg-ის ჟურნალისტები, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების დროს მაიკლ ბლუმბერგის და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ სიღრმისეულ გამოძიებებს არ ჩაატარებენ.
ამის შესახებ The New York Times იმ წერილზე დაყრდნობით წერს, რომელიც ყველა თანამშრომელს გადაეგზავნა.
ცნობილია, რომ მილიარდერი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი და ჰოლდინგის დამაარსებელი მაიკლ ბლუმბერგი დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტად იყრის კენჭს.
ბლუმბერგის ქონება 50 მლრდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-11 ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3 მლრდ დოლარით 259 პოზიციაზეა.
“ჩვენ დავწერთ საპრეზიდენტო მარათონის ყველა ასპექტზე ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. დავწერთ ვინ იმარჯვებს და ვინ აგებს. პოლიტიკას და მის შედეგებს შევხედავთ. გამოკითხვებს ჩავატარებთ, კანდიდატებს გავესაუბრებით და მათ კამპანიებს მივადევნებთ თვალს, მათ შორის მაიკლის კამპანიას. უკვე გამოვყავით რეპორტიორი, რომელიც მის კამპანიას გააშუქებს. სტატიებში კი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებს მივუძღვნით, მკაფიოდ მივახვედრებთ მოსახლეობას, რომ ჩვენი მფლობელიც არის კანდიდატი”, – განაცხადა ბლუმბერგის და Research-ის მთავარმა რედაქტორმა ჯონ მიკლეტვეიტმა.
Bloomberg-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ “Bloomberg News არ აშუქებს ბატონი ბლუმბერგის პირად ცხოვრებას და მის ქონებას”.
ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ ბლუმბერგი ტრამპის საქმიანობის გაშუქებას გააგრძელებს, რადგან ის ჯერჯერობით არ არის ბლუმბერგის პირდაპირი კონკურენტი.