თამარ თედლიაშვილი: მოვინახულე დაკავებულები, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ
18 ნოემბერს თბილისში აქციაზე დაკავებულები, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულები ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა მოინახულა.
“მოვინახულე ორივე დაკავებული. იმყოფებიან ნორმალურ პირობებში და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ. მათი თქმით, იმ დროს, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაშია, არ აპირებენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას 12 და 13 დღიან პატიმრობაზე. დაკავებულებმა აღნიშნეს, რომ კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”,- განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.
გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი ბუნტურია გადაყვანილი. მოსამართლე ვალერიან ფინიშვილმა 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იზოლატორში 12 დღეს, ხოლო ადვოკატი ბექა ბასილაია 13 დღეს გაატარებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 6 ადამიანის საქმეზე განაჩენი წუხელ გამოცხადდა, 25 ადამიანის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.
18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს.