შოთა გულბანი: არამგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

მისი თქმით, ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი დაბალია.

“არამგონია, ასეთი მიდგომა გამართლებული იყოს. ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. ჩვენთან მიმდინარე ეტაპზე სესხების დოლარიზაცია 57 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გვაქვს სუსტი და ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს ინსტრუმენტს, რეფინანსირების განაკვეთს, ეფექტურად ვერ გამოიყენებს და კონტრპროდუქტიულ შედეგებს მოგვცემს. ისეთებს, როგორებიცაა შეფერხებული ეკონომიკური ზრდა და გაძვირებული სესხები. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლარის მიმართ ნდობის განმტკიცებაა მოსახლეობაში, რაც გრძელვადიანი პერიოდის მიზანია და რა თქმა უნდა, დოლარიზაციის კოეფიციენტის ეტაპობრივი შემცირება, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს“, – წერს შოთა გულბანი.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები