თენგიზ შარმანაშვილი – ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი
“ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში რეკომენდაციების პარალელურად წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები და ქვეყნის მიმართ მხოლოდ მბრძანებლური ტონია გამოყენებული.
„რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს. ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო. ჩვენ ვასაბუთებთ, ეს კანონმდებლობა რატომ მივიღეთ. ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს. აქაური რადიკალები ამ დასკვნას დიდი სიხარულით რომ შეხვდნენ, რა გავაუქმოთ? ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით არ არის დაშვებული, სამოქალაქო სხვა კავშირით დავუშვათ? ჩვენებმა ხმამაღლა თქვან, რომ ამას ითხოვენ, თავის აზრებს რომ მალავენ. კანონმდებლობით, სქესის გადაკეთების ოპერაციები და პროპაგანდა რომ იკრძალება, ეს გავაუქმოთ? თქვან, რომ საქართველოში სქესის გადაკეთებაც უნდა იყოს და არასრულწლოვანებთან ღია პროპაგანდა უნდა შეიძლებოდეს. შემდეგ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რა უნდა გავაკეთოთ. ხალხის განწყობა რომ იციან, ამიტომ საუბრობენ ზერელედ და არა კონკრეტულად. ჩვენი ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, მათი მიმთითებლები კი, უცხოელი პატრონები არიან. მათ იმათ დაუჯერონ, ჩვენ ჩვენს ხალხს დავუჯერებთ და საბოლოო შედეგიც ნახონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.