ლენტეხში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, გვიმრალასა და ყვედრეშის მიმდებარე ფართობზე, ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა “რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და დაწყებულია  კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

“მე ამ წუთებშიც ლოკაციის ადგილებზე ვიმყოფები. გაუვალი ადგილია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს  გადაადგილებას, თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია. მთელი ღამის განმავლობაში 23 მეხანძრე ებრძოდა ცეცხლის სტიქიას.  ამ წუთისთვის ხანძარი თითქმის ჩამქრალია და მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება. მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები და 2-3 საათში ხანძარი სრულად იქნება ლიკვიდირებული“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვედრეშის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებმაც ცეცხლის  ლოკალიზება ოპერატიულად შეძლეს. ცეცხლი 4-5 ჰექტარის ფართობზე იყო  გავრცელებული.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები