“აქციაზე იმიტომ წამოვედი, რომ ბევრი ხალხი იყო” – ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)

0

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი უერთდებიან დედაქალაქში პარლამენტის წინ მომიტინგეების მოთხოვნებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ. ამასთან, მათივე განმარტებით, გმობენ თბილისში გუშინ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიხეილ გეგეშიძის თქმით, დღეს ისინი დაისვენებენ და ხვალ განაახლებენ პროტესტს.
“დღევანდელი აქცია შედგა, ახლა დავიშლებით, დავისვენებთ და ხვალ ისევ შევიკრიბებით მესხიშვილის თეატრთან 18:00 საათზე”, – თქვა გეგეშიძემ.

ამასთან, “რეგიონული კვირის” კამერამ აქციაზე მისული არასრულწლოვნები დააფიქსირა. კითხვაზე, რას აპროტესტებენ და რა არის მათი მოთხოვნა, მათ პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ აქციაზე უბრალოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ბევრი ხალხი დაინახეს. როგორც აღმოჩნდა, არც აქციის მონაწილე სტუდენტებს აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რას მოითხოვენ. ერთ-ერთი სტუდენტი, “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ არ იცის პროპორციული სისტემა რას ნიშნავს და ვარაუდობს, რომ ის ვადაზე ადრე დანიშნული არჩევნებია.
​აქცია, რომელიც ქუთაისში გაიმართა, აკსუ-ს სტუდენტების ორგანიზებული იყო, თუმცა შეკრებილებს შორის “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჭარბობდნენ.

კომენტარები

კომენტარი