სალხინოსთან ტყეში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა – ცეცხლის ქრობის სამუშაოები დაბალი ხილვადობის გამო დღეს შეწყდა

0

მარტვლის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მახლობლად ტყის ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა. ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები, ცუდი ხილვადობის გამო დღეს შეწყდა. ცეცხლი ხმელ ფოთოლსა და წიფლის ხეებს უკიდია.
როგორც ადგილობრივმა ნუგეში თოდუამ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ხანძრის ლოკალიზებას რთული რელიეფი და არასაკმარისი, როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსი აფერხებს.
„ცეცხლი ეკიდა დაახლოებით 20 ჰექტარ ტყის ფართობს. ერთი კილომეტრის რადიუსში, რაც შევძელით და მოვახერხეთ მისვლა ჩავაქრეთ ხანძარი. თუმცა დაგვიღამდა და  მოგვიწია ჩამოსვლა, რადგან ხილვადობა არის ძალიან ცუდი. ცეცხლი უკიდია ხმელ ფოთლებს და წიფლის ხეებს. ხვალიდან ისევ ჩავერთვებით სამუშაოებში და რაც შეგვეძლება გავაკეთებთ. თან ღამე უფრო მოძლიერდა ახლა ცეცხლი, რადგან არის ნიავი და ახალი კერაც გაჩნდა“,- განმარტა თოდუამ.
ფერდობზე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის. ტერიტორია სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ხანძრის კერებთან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი