რამდენად საგანგაშო ვითარებაა ჰაერის დაბინძურების კუთხით რუსთავში – “ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია”

0

საშიში გამონაბოლქვი, სახიფათო სამედიცინო ნარჩენების უკონტროლო წვა და სტიქიური ნაგავსაყრელები – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო კვლევის თანახმად, ქალაქ რუსთავში მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა ნორმის ფარგლებს საკმაოდ სცდება. ფიქსირდება მყარი ნაწილაკები, რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

“გავიგუდეთ” – ამ სახელწოდების აქცია გამართეს ეკოაქტვისტებმა ცოტა ხნის წინ რუსთავში. ორგანიზატორების თქმით, ქალაქში არსებული ინდუსტრიული გარემო ეკოლოგიას აბინძურებს, რაც რუსთავში სხვადასხვა დაავადებას და სიკვდილიანობას იწვევს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სპეციალური დეტექტორების გამოთვლებით რუსთავში, ჰაერში არსებული სახიფათო ნაწილაკები დაშვებულ ნორმას 3.5-ჯერ აღემატება. ეკოლოგები ბიზნესმენებისგან საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ითხოვენ.

ქალაქში არსებული კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობა ქუჩებში ​ პირბადეებით გადაადგილდება. ამბობენ, რომ ეს ინდუსტრიული წარმოების წინააღმდეგ ერთგვარი პერფორმანსიცაა.

ადგილობრივები ჰაერის დაბინძურების მატების ერთ-ერთ მიზეზად, “ჯეოსთილის” ქარხნის მუშაობას ასახელებენ.

ქარხანა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს, მოსახლეობის მტკიცებით, ჰაერს ისე აბინძურებს, რომ ხშირ შემთხვევაში სუნთქვაც კი შეუძლებელია. მათ წერილობით უკვე მიმართეს კომპანია “ჯეოსთილის” ხელმძღვანელობას, თუმცა პასუხი, ამ დრომდე, არ მიუღიათ.

მათივე განცხადებით, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურების დონეს ქალაქ რუსთავში მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში ამოწმებს, ქარხანა აქტიურად ღამის საათებში და არასამუშაო დღეებში მუშაობს. აღსანიშნავია ისიც რომ “ჯეოსთილი” უკვე ორჯერ არის დაჯარიმებული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ.

“რეგიონული კვირა”  ” ჯეოსთილს” დაუკავშირდა. კომპანიაში უარყოფენ რუსთაველების ბრალდებას და ამტკიცებენ, რომ ქარხანა გამწმენდი დანადგარებით არის აღჭურვილი.

“ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია. უკვე გამოვცვალეთ ფილტრები და საწარმოში ვერანაირ დარღვევას ვერ აღმოაჩენთ. ასევე, სოციალურ ქსელში, ონლაინ რეჟიმში ჩართულია კამერა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვალი გვადევნოს. ჩვენი საწარმოს მდგომარეობა ფილტრების გამოცვლამდეც არ ყოფილა კატასტროფულად ცუდი, უბრალოდ ანტი პიარმა ​კარგად იმუშავა”,– განაცხადეს “ჯეოსთილში“.

აქტივისტებმა სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი “გავიგუდეთ”. როგორც გვერდის ადმინი ნიკოლოზ მუსერიძე “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, ისინი უფრო აქტიურად იმოქმედებენ მიზნის მისაღწევად.

“სამომავლო გეგმები იქნება უფრო აქტიური, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ეს ყველაფერი მანამდე მოხდება, სანამ საწარმოები ფილტრებს არ შეცვლიან. აქ ცხოვრება უკვე ძალიან საშიშია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია”,- ამბობს მუსერიძემ.

ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, მერია აქტიურადაა ჩართული პრობლემის მოგვარებაში.

“დაახლოებით წელიწადნახევარია დავიწყეთ და აქტიურად ვართ ჩართულები ამ პრობლემის მოგვარებაში. საწარმოებს, კანონმდებლობიდან გამომდინარე, რა ვალდებულებაც აქვთ შესასრულებელი არ ასრულებენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობა არ შედგა. ის ღონისძიებები, რაც ევალება საწარმოს, სანებართვო პირობებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, არ ტარდება”, – ამბობს ტაბაღუა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე მდებარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგური თანამედროვე ტექნოლოგიის აპარატურით აღიჭურვა და ჰაერში მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი, ავტომატურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში გაიზომება.

კომენტარები

კომენტარი