“IDFI”: პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა

0

ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციისთვის სულ 2 174 783 ლარი დაიხარჯა.

“რეზიდენციის მოწყობისთვის სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას.

ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;

შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;

შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური;

ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალიერებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;

ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი) და 120 ერთეული თანამედროვე სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა, 7 ნათურა)”, – ნათქვამია “IDFI”-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი