მამუკა მდინარაძე: სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია

0

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილების არანაირი რესურსი ამ მოწვევის პარლამენტს არ გააჩნია. გამორიცხულია ამაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ახლა მიდის კამათი, დისკუსია, რბილად რომ ვთქვათ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ 2020 წლისთვის უნდა იყოს პროპორციული, ვადამდელი და ასე შემდეგ. ახლა, ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე – ამერიკულზე, ფრანგულზე თუ ასე შემდეგ. გუშინ გვქონდა საუბარი. დიტო ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მეკითხებოდნენ ამ საკითხზე. ჩემი აზრი არის და იქნება ისევ ის, რაც იყო აქამდეც. ვფიქრობ, გუნდის აზრიც ეს იქნება. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადავა.

მგონია, რომ ძალიან ცხარე დისკუსია იქნება გუნდის შიგნითაც, რადგანაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი აზრი გახმოვანდა, თუნდაც დისკუსიის გახსნაზე. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნაც კი, მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად ზედმეტად. გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“ ,- განმარტა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, რათა ქვეყანა 2020 წლისათვის მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე სრულად გადავიდეს.

კომენტარები

კომენტარი