ბექა ნაცვლიშვილი – “ვერ გადავლახავ ამას, ვერ დავდგები „ნაციონალებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად”
შეიძლებოდა, ეს პროტესტი ყოფილიყო უფრო დიდი, მაგრამ რადგან წამყვანი ძალა, საბოლოო ჯამში მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღმოჩნდა, ამიტომ ამ პროტესტის მასშტაბი არ არის იმხელა, რომ მთავრობას რამე დაათმობინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობისა და „ევროპული საქართველოს“ გვერდით ვერ დადგება, რადგან საკუთარ ღირებულებებს ვერ გადაუვლის.
„იქ არის ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი სხვა ტაქტიკით ვაპირებთ გაგრძელებას, პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლას. არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც უნდათ რიგგარეშე არჩევნები. არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არ სჭრიდებათ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უნდათ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. მე მირჩევნია, რომ არ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და პროპორციული წესით ჩატარდეს 2020-ში.
რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ ძალას, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, ასევე ახალ პოლიტიკურ ძალას, „ლელოს“ შეიძლება, აწყობდეს. იმიტომ, რომ მათ ფულადი, მედია რესურსები გააჩნიათ.
ძალიან ცუდია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა კანონპროექტის ჩაგდებით. ისედაც პოლიტიკოსების და პარტიების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, „ ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო შეარყია პოლიტიკოსების მიმართ ნდობა . ის, რომ პროპორციულ არჩევნებზე არ გადავედით, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს პროცესი დასრულებული არაა, ჯერ არავინ იცის პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ, თუ არა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ რიგი პოლიტიკური ძალები რუსთაველზე არ დგანან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გულხედაკრეფილნი არიან.
„ვერ გადავლახავ ამას, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ევროპულს აქართველოსთან“ ერთად ამ პროცესებში მონაწილეობა მივიღო. ეს გამორიცხულია. ვერ დავდგები მათთან ერთად ვერანაირად. ჩემს ღირებულებებს უნდა გადავუარო, თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის წარსულს და გამოცდილებას?
შეიძლებოდა, პროტესტი ყოფილიყო უფრო დიდი, მაგრამ რადგან წამყვანი ძალა, საბოლოო ჯამში მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღმოჩნდნენ, ამიტომ, ამ პროტესტის მასშტაბი არ არის იმხელა, რომ მთავრობას დაათმობინოს რამე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მისი გეგმები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„აქედან გამომდინარე, სხვა ტაქტიკები არსებობს. ჩემი მოქმედებებს რაც შეეხება, ძალიან მალე გახდება ცნობილი . არ მინდა წინასწარ ვისაუბრო ამაზე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა პროცესის დისკრედიტება. კი, არის წამყვანი ძალა, ამას ვერ დავუკარგავ , მაგრამ ეს პროცესი დისკრედიტებულია. ხალხი რატომ არ გამოდისო? შეძახილი რომაა – სად ხართ ხალხო, ჩვენ აქ ვართ და თავისუფლებისთვის ვიბრძვითო, ჯერ ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ გამო არ გავა ხალხი, მეორეც- პროპორციული არჩევნები მექანიზმია, რომ უკეთეს ცხოვრებას მიაღწიო.. იქ დგანან პარტიები, რომლებასც არასდროს არაფერი უთქვამთ ადამიანებისთვის, ან რამე ხედვა ჰქონდეთ როგორ უნდა მოეწყოს ეს ქვეყანა, ან რეფორებზე ესაუბრათ. რატომ გავლენ აქციაზე? მათთვის პროპორციული არჩევნები კი არაა მთავარი, მათთვის მთავარია ქვეყნის მომავალი, ხვალ მისი შვილი როგორ იცხოვრებს და ა.შ. იქ ამაზე არავინ ლაპარკაობს. პრობლემა რაშია იცით? ერთ წრეზე ვტრიალებთ, დღესაც იძახიან – გადადექი ,ჩამოვარდი, საზიზღარო და ა.შ. მერე რა მოხდება, ხომ არავინ იცის?“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენეს.
თამუნა შეყილაძე