ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თერჯოლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ

0

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, სოფლების ჩხარის, გოგნის, ძევრისა და ახალთერჯოლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, წყლის სისტემის მოწყობა, გაზიფიცირება და საშეშე მასალის მოპოვება დაასახელა.

სოფელ ჩხარში, ერთ-ერთ პრობლემად ასევე მიწის რეგისტრაციის პრობლემა დაასახელა.

საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დაამტკიცა, რომლითაც მიწის რეგისტრაცია მარტივდება. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლეობას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს და დეტალები განუმარტეს.

გარდა ამისა, სოფელ ძევრში ადგილზე გადაიჭრა ერთ-ერთ უბნის წყლის პრობლემა. მხარის რწმუნებულის დავალებით, უახლოეს დღეებში მოსახლეობას საჭირო რეზერვუარსა და მილებს შეუძენენ.

ადგილობრივების უფრო მასშტაბური საჭიროებები კი, შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოგვარდება.

აღნიშნულ სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, უკვე განხორციელდა ცენტრალური თუ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ჩხარსა და ახალთერჯოლაში ამბულატორიები მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩხარისა და ძევრის ცენტრებს, ხოლო სოფელ გოგნში საბავშვო ბაღი შეკეთდა. საჯარო სკოლები მოწესრიგდა ახალთერჯოლასა და ჩხარში, სადაც წყლის პრობლემაც გადაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი